მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით თბილისის მერიის მწვრთნელთა მხარდაჭერის პროგრამის მონაწილე მწვრთნელ-მასწავლებლებთან შეხვედრა და პროგრამის უხუცესი მწვრთნელების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა, რომელსაც თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გურამ ოქროპირიძე კომისიის წევრებთან ერთად დაესწრო.
შეხვედრაზე მწვრთნელთა მხარდაჭერის პროგრამის მნიშვნელობაზე, მიღწეულ შედეგებსა და მის სამომავლო განვითარებაზე ისაუბრეს. გურამ ოქროპირიძემ პროგრამაში ჩართულ მწვრთნელებს მადლობა გადაუხადა.
„ღირებული და დასაფასებელია ის საქმე, რომელსაც თითოეული თქვენგანი აკეთებს. უკანასკნელ წლებში როგორც ქალაქში, ასევე ქვეყნის მასშტაბით ვითარდება სპორტული ინფრასტრუქტურა, იზრდება იმ პროგრამების დაფინანსება , რომლებიც სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებას ემსახურება. როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას და სპორტის განვითარებას. საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს წარმატებული სპორტსმენების და ახალგაზრდების მომავლისთვის,“- განაცხადა გურამ ოქროპირიძემ.
მწვრთნელთა მხარდაჭერის პროგრამის მიზანია სხვადასხვა სპორტულ სერვისზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, სპორტის სახეობების განვითარება და მხარდაჭერა.
ღონისძიებას ასევე საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, მერიის კულტურის, განათლების, სორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.