თბილისის საკრებულოში სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე შალვა ოგბაიძე უძღვებოდა.
სხდომაზე დედაქალაქის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსს მოუსმინეს.
გაიოზ თალაკვაძემ კომისიის წევრებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში წარმოუდგინა, რომლის თანახმად, დედაქალაქის 2024 წლის ბიუჯეტის შემოსულობების (შემოსავლები, არაფინანსური აქტივების კლება, ვალდებულებების ზრდა) გეგმა განისაზღვრა 1 877,892.3 ათასი ლარით, ფაქტიურმა შესრულებამ შეადგინა 1 989,330.5 ათასი ლარი, ანუ გეგმის 105.9%.
მისივე თქმით, საანგარიშო პერიოდში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-აღდგენის პრიორიტეტი დაფინანსდა 636,739.1 ათასი ლარით, რაც გეგმის (673,471.8 ათასი ლარი) 94.6%-ს შეადგენს.
პრიორიტეტის ფარგლებში კი, დაფინანსდა სხვადასხვა პროგრამები/ქვეპროგრამები, მათ შორის: ტრანსპორტის განვითარების, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ღონისძიებები, ასევე საქალაქო სამგზავრო ტრანსპორტის მოძრავი შემადგენლობის მოდერნიზაცია, მეტროს სადგურების რეკონსტრუქცია, მშენებლობა, ასევე თბილისის ავტობუსების პარკის განახლება - შევსება, საქალაქო საბაგირო ტრანსპორტის განვითარება.
კომისიის წევრებმა სხდომაზე ასევე თბილისის მეტროს რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მოისმინეს ინფორმაცია.
აღნიშნული საკითხის თაობაზე შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მეტროპოლიტენის და საბაგირო გზების ექსპლუატაციის დირექტორმა გია ხუცურაულმა ისაუბრა, რომელმაც მიმდინარე სამუშაოების თაობაზე წარმოადგინა ინფორმაცია, როგორიცაა - 2022-2024 წწ. განმავლობაში მეტროს ვაგონებზე შესრულებული ტექნიკური მომსახურებები, სალიანდაგო და გვირაბის სამუშაოები. მან ასევე ყურადღება გაამახვილა შემდეგ მნიშვნელოვან პროექტებზეც: რუსთაველის გამზირი - მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგირო გზის აღდგენა, რიყე-ნარიყალას საბაგირო გზის ძველი ბაგირის შეცვლა და მთავარი ელექტრო ძრავის შეკეთება. მისივე თქმით, დაგეგმილია სამივე საბაგირო გზაზე: „რიყე-ნარიყალას “ მზიდ-საწევი, „ჭავჭავაძის გამზირი - კუს ტბის“ და „უნივერსიტეტი - ბაგების“ მზიდი, გამწევი და კუდის ბაგირების მაგნიტურ-ინდუქციურ დეფექტოსკოპიური კვლევის ჩატარება.
პრეზენტაციის დასასრულს, გია ხუცურაულმა როგორც დასრულებული პროექტების მნიშვნელობაზე, ასევე სამომავლო გეგმების თაობაზე დეტალურად ისაუბრა.