თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გურამ ოქროპირიძე კომისიის წევრებთან, ასევე საკრებულოს წევრთან მარიამ ზაქარიაშვილთან ერთად კომისიის გასვლითი სხდომის ფარგლებში, საბურთალოს რაიონში, დიდი დიღმის მულტიფუნქციურ ცენტრს ეწვია.
სპორტული ინფრასტრუქტურის მიმდინარე სამუშაოებისა და სამომავლო ფუნქციონირების შესახებ ინფორმაცია კომისიის წევრებს ა(ა)იპ მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელმა შალვა მაისურაძემ გააცნო.
კომისიის თავმჯდომარემ მულტიფუნქციური ცენტრის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც გურამ ოქროპირიძემ განაცხადა, სრულდება დიდი დიღმის მრავალფუნქციური ცენტრის მშენებლობა, რომელიც10000 კვ. მეტრზეა განლაგებული.
,,აქ განთავსებულია შესაბამისი სტანდარტების სხვადასხვა სპორტული მოედანი, ბიბლიოთეკა და ახალგაზრდული სივრცეები. ცენტრი ფუნქციონირებას უახლოეს მომავალში დაიწყებს და ყოველთვიურად 10 000 ზე მეტ ბენეფიციარს მოემსახურება’’, -აღნიშნა გურამ ოქროპირიძემ.
კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, თბილისში სპორტული ცენტრების მშენებლობა კვლავაც გაგრძელდება და მსგავსი ცენტრებით სარგებლობას დედაქალაქის სხვადასხვა უბნების მცხოვრებლებიც ეტაპობრივად შეძლებენ.