თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა დედაქალაქის რამდენიმე ქუჩისა და სკვერის სახელდების საკითხი განიხილეს. ჩუღურეთის რაიონში, გიორგი ჩიტაიას ქუჩის მონაკვეთს და მასთან არსებულ უსახელო სკვერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გია მოსეშვილის სახელი მიენიჭება. სამგორის რაიონში მდებარე ერთ-ერთ ქუჩას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული სოსო ღვინიაშვილის სახელი, ასევე სამგორის რაიონში, თენგიზ ჩანტლაძის ქუჩის მონაკვეთს კი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული კობა აბზიანიძის სახელი მიენიჭება.
აღნიშნული საკითხების გარდა, კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს ვაკის რაიონში, რამაზ ჩხიკვაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო სკვერისთვის მსახიობ გურამ ფირცხალავას სახელის მინიჭების საკითხს. კრწანისის რაიონში, სოფელ ფონიჭალაში ბაგრატის ქუჩასთან არსებულ უსახელო გასასვლელს ბაგრატის I გასასვლელი ეწოდება. კომისიის წევრებმა ნაძალადევის რაიონში, ავშნის ქუჩის გაგრძელებას, ასევე ნაძალადევის რაიონში, მალხაზ ჯღარკავას I შესახვევის გაგრძელებას მხარი დაუჭირეს.