დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის, ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, იურიდიულ საკითხთა, ასევე ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.
რვა კომისიის გაერთიანებულ სხდომას ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის, ასევე ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიების თავმჯდომარეები გოჩა ბაბუნაშვილი და ჯაბა სამუშია უძღვებოდნენ, რომელზეც საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს.
წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა მხარი დაუჭირეს თბილისის მერის ორი მოადგილის თანამდებობაზე თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსის გიგა ნიკოლეიშვილისა და იურიდიული სამსახურის უფროსის ნატო ქიტიაშვილის, ასევე ადმინისტრაციის უფროსისა და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის პოსტებზე ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილის გიორგი უკლებასა და მოქმედი ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის ირაკლი ხუცურაულის კანდიდატურებს.
გაერთიანებული კომისიების სხდომაზე დეპუტატებმა აგრეთვე 2016 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებსაც დაუჭირეს მხარი. საკითხი, სხდომაზე მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარმოადგინა, რომლის თანახმადაც ტენდერებიდან მიღებული ეკონომიების ხარჯზე თავისუფალი რესურსი სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გადანაწილდება.
სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ თევდორე კობახიძემ საკრებულოს წევრებს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების პერსონალური შემადგენლობების ცვლილებების საკითხი გააცნო, რომელიც მისი განცხადებით, კომისიაში საკრებულოს წევრების პირადი განცხადებების საფუძველზე მიმდინარე წლის 1 აგვისტოს შევიდა.
კერძოდ, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ტყემალაძე სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის შემადგენლობიდან სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიაში, საკრებულოს წევრი იოსებ მანჯავიძე ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის და ასევე, ეკონომიკური განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიებიდან სახელდებისა და სიმბოლიკისა და გარემოს დაცვის კომისიებში გაწევრიანდება. გარდა ამისა, საკრებულოს წევრი დავით უთმელიძე გარემოს დაცვის კომისიის შემადგენლობიდან ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიაში და საკრებულოს წევრი მანუჩარ მაჩაიძე განათლებისა და კულტურის კომისიიდან ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიაში გაწევრიანდებიან.
დღესვე, დეპუტატებმა ბიუჯეტით გათვალისწინებული სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროების დახმარების ღონისძიებების ქვეპროგრამის განხორციელებისა და ჯანმრთელობის დაცვის სხვა ქვეპროგრამების განხორციელების წესებში ცვლილებების შეტანის შესახებაც იმსჯელეს.
საკრებულოს წევრებმა ასევე, თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესში შესატანი ცვლილებისა და სხვა მიმდინარე საკითხებსაც დაუჭირეს მხარი.
რვა კომისიის გაერთიანებულ სხდომას, თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების უფროსები და რაიონების გამგებლები ესწრებოდნენ.