თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის კომისიების გაერთინებული სხდომა გაიმართა.
დეპუტატებმა ,,დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის დადგენილებაში შესატანი ცვლილებები განიხილეს და თბილისის ბიუჯეტის ქვეპროგრამით გათვალისწინებულ იმ ღონისძიებაზე იმსჯელეს, რომელიც ,,საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და უსაფრთხოების მიზნით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების“ წესში შესატან ცვლილებებს გულისხმობდა.
დღესვე კომისიების წარმომადგენლებმა თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ“ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის დადგენილებაში შესატანი ცვლილებები განიხილეს.
როგორც მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ვასილ აბულაძემ განმარტა, სადგომებისა და გაჩერებების ადგილებიდან ტროტუარზე გადასასვლელად მოწყობილი შემაღლებებით შშმ პირები ვერ სარგებლობენ, რადგან მათ დაბრკოლებას აღნიშნულ ადგილებზე განთავსებული სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალება უქმნიდათ. გამომდინარე ზემოთთქმულიდან, მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახური მიზანშეწონილად მიიჩნევს, წესში განხორციელდეს ცვლილება, რომლის შესაბამისად, ქალაქში ავტომობილის ნებადართულ ადგილზე პარკირებამ შშმ პირის გადაადგილებას დაბრკოლება არ უნდა შეუქმნას. წინააღმდეგ შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად დაჯარიმდება.
საკრებულოს წევრებმა მიკროავტობუსებისთვის შეღავათების დაწესების შესახებაც იმსჯელეს. როგორც კომისიის სხდომაზე აღინიშნა, საწვავის ფასის ზრდამ მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში ჩააყენა მიკროავტობუსების მფლობელი კომპანიები. შპს-ების წარმომადგენლების განმარტებით, აღნიშნულიდან გამომდინარე, საფრთხის წინაშე დადგა მათი საქმიანობის გაგრძელებისა და სანებართვო-საკონკურსო ვალდებულებების შესრულების საკითხი.
მგზავრობის ტარიფის გაზრდის თავიდან აცილების მიზნით, დედაქალაქის მერიამ საკრებულოს იმ ცვლილების მხარდაჭერის თხოვნით მიმართა, რომლის თანახმად, მიკროავტობუსები მოსაკრებლის სახით 50 ლარის ნაცვლად 15 ლარს გადაიხდიან.
კომისიის სხდომაზე განხილული საკითხების საკრებულოს სხდომაზე წარდგენას დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.
სხდომას, რომელსაც ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე გოჩა ბაბუნაშვილი და გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე შორენა ბუხრაშვილი ხელმძღვანელობდნენ, საქართველოს პარლამენტის წევრი რატი იონათამიშვილი, ასევე მერიის შესაბამისი საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.