თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ნიკოლოზ კახეთელიძე უძღვებოდა, „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის #39-18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხები განიხილეს. საკითხი ს.ს.ი.პ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა ნინო ბაგაშვილმა და ოთარ ჩიტიძემ წარმოადგინეს.
კომისიის სხდომაზე, დეპუტატებმა თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსს გიგა გიგაშვილსაც მოუსმინეს, რომელმაც „მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსების ან/და რეალიზაციის წესის დამტკიცების თაობაზე” თბილისის საკრებულოს შესაბამის დადგენილების პროექტში შესატანი ცვლილებები წარადგინა. პროექტით, ცვლილება შედის თბილისის საკრებულოს 2020 წლის 28 თებერვლის №54-35 დადგენილებაში და დადგენილებით დამტკიცებული წესი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2024 წლის 1 იანვრიდან გავრცელდება. საქართველოში ახალი კორონა ვირუსით (Covid - 19) გამოწვეული დაავადების მასშტაბების გავრცელების და მისი აღკვეთისათვის დადგენილი რიგი ღონისძიებების გათვალისწინებით, წესით რეგულირებულ სფეროში დასაქმებული ბიზნეს სუბიექტების ხელშეწყობის მიზნით, მიზანშეწონილია მათ მიეცეთ ვადა კიდევ ორი წელი, რათა თავიანთი საქმიანობა მოიყვანონ შესაბამისობაში ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.
გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე, „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ თბილისის საკრებულოს რამდენიმე დადგენილების პროექტში ცვლილებების შეტანის თაობაზე იმსჯელეს, ხოლო საკრებულოს 2019 წლის 19 აპრილის N41-31 დადგენილება ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნეს. აღნიშნული საკითხები კომისიის წევრებს თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა წარუდგინეს.
დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხების საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განხილვას, კომისიის წევრების მიერ დადებითი რეკომენდაცია მიეცა.