დღეს, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ნიკოლოზ კახეთელიძე უძღვებოდა.
სხდომაზე, კომისიის წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს, რომელიც მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ გააცნო.
წარმოდგენილი პროექტის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა განისაზღვრა 1 438 775 200 ლარით, რაც 2022 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან მიმართებაში გაზრდილია 133 357 000 ლარით.
კომისიამ, კომპეტენციის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა 2023 წლის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულ შემდეგ პრიორიტეტებზე, პროგრამებსა და ქვეპროგრამებზე:
1. ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება (კოდი: 03), რომლის დაფინანსების ოდენობაც, 2023 წლის ბიუჯეტის პროექტით განსაზღვრულია 169 251 700 ლარით, რაც 2022 წლის დამტკიცებული ბიუჯეტით გათვალისწინებულ ასიგნებასთან მიმართებაში (167 317 100 ლარი), გაზრდილია 1 934 600 ლარით.
პრიორიტეტის ფარგლებში:
- გამწვანების ღონისძიებებისათვის (კოდი: 03 01) გათვალისწინებულია 53 801 300 ლარი, რაც 2022 წლის დამტკიცებული ბიუჯეტიდან გამწვანების ღონისძიებებისათვის გამოყოფილ დაფინანსებასთან მიმართებაში (83 931 100 ლარი), შემცირებულია 30 129 800 ლარით;
- დასუფთავების ღონისძიებებისათვის (კოდი: 03 02) გათვალისწინებულია 107 000 000 ლარი, რაც 2022 წლის დამტკიცებული ბიუჯეტიდან დასუფთავების ღონისძიებებისათვის გამოყოფილ დაფინანსებასთან მიმართებაში (75 500 000 ლარი), გაზრდილია 31 500 000 ლარით;
- თბილისის ზოოლოგიური პარკის განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამისთვის (კოდი: 03 03 01) გათვალისწინებულია 4 308 600 ლარი, რაც 2022 წლის დამტკიცებული ბიუჯეტიდან თბილისის ზოოლოგიური პარკის განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამისთვის გამოყოფილ დაფინანსებასთან მიმართებაში (4 600 000 ლარი), შემცირებულია 291 400 ლარით;
- ბოტანიკური ბაღის განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამისთვის (კოდი: 03 03 02) გათვალისწინებულია 4 141 800 ლარი, რაც 2022 წლის დამტკიცებული ბიუჯეტიდან ბოტანიკური ბაღის განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამისთვის გამოყოფილ დაფინანსებასთან მიმართებაში (3 286 000 ლარი), გაზრდილია 855 800 ლარით.
ცხოველთა მონიტორინგის ქვეპროგრამისთვის (კოდი: 09 02) გათვალისწინებულია 4 619 700 ლარით, რაც 2022 წლის დამტკიცებული ბიუჯეტიდან ცხოველთა მონიტორინგის ქვეპროგრამისთვის გამოყოფილ ასიგნებასთან მიმართებაში (4 350 700 ლარი), გაზრდილია 269 000 ლარით.
თბილისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის თაობაზე წარმოდგენილი ინფორმაციის გაცნობის შემდეგ, კომისიის წევრების მხრიდან გამოითქვა შენიშვნები და წინადადებები.