თბილისის მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებები ხორციელდება. წარმოდგენილი პროექტით, ბიუჯეტის მოცულობა არ იცვლება, თუმცა სხვადასხვა პროგრამებსა და ქვეპროგრამებში ასიგნებები გადანაწილდება. დედაქალაქის მთავარ საფინანსო დოკუმენტში შესატანი ცვლილებები თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის კომისიების წევრებს მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ გააცნო.
ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების შემდეგ, თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებმა რამდენიმე მისამართზე პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხები წარადგინეს.
დღესვე, საკრებულოს წევრებმა „თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“, ასევე „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ” საკრებულოს შესაბამის დადგენილებებში ცვლილებები შეიტანეს, რის შემდეგაც სხვადასხვა მისამართებზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები დაამტკიცეს.
საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა კი ვარკეთილის მესამე მასივში, არსებული ავარიული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლების მიზნით, შპს ,,ვი.ვი.ენ კომპანის“ მიმართ რამდენიმე მისამართზე ხელშემწყობი ღონისძიების გამოყენების საკითხი წარადგინა.