დღეს თბილისის საკრებულოში, ორი კომისიის - ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა. სხდომაზე, რომელსაც კომისიების თავმჯდომარეები რევაზ სოხაძე და გიორგი დოხტურიშვილი უძღვებოდნენ, თბილისის მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე იმსჯელეს. ცვლილებების თანახმად, დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტი 34 450, 1 ლარით იზრდება და 1 226 976, 9 ათასი ლარით განისაზღვრება. ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები საკრებულოს წევრებს მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარუდგინა.
დღესვე, საკრებულოს წევრებმა სხვადასხვა მისამართებზე არსებული დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების მიზნით, რამდენიმე სამშენებლო კომპანიისთვის ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების საკითხები შეათანხმეს. აღნიშნული საკითხი დეპუტატებს თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა გააცნო.
ამას გარდა, დღევანდელ სხდომაზე „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ თბილისის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებაში ცვლილება შეიტანეს, თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ცვლილების თაობაზე იმსჯელეს და რამდენიმე მისამართზე განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების პროექტები დაამტკიცეს.
თბილისის საკრებულოს წევრებმა, გაერთიანებულ სხდომაზე, თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციისათვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სანებართვო პირობების დარღვევით წარმოებული მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით, ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების, აგრეთვე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და გაცნობის წესის და პირობების დამტკიცების შესახებ საკრებულოს დადგენილების პროექტის თაობაზეც იმსჯელეს.