თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის და გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელზეც კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს.
დეპუტატებმა „საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M3 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტების დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის დადგენილებაში ცვლილების შეტანას დაუჭირეს მხარი, რაც რამდენიმე ,,ბოგდანის“ მარკის საქალაქო ტრანსპორტის ახალი ,,MAN’’-ის მარკის ავტობუსით ჩანაცვლებას გულისხმობს.
დღესვე კომისიის წევრებმა ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელს მოუსმინეს და თბილისში სხვადასხვა მისამართებზე მდებარე მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით და იჯარის ფორმით გადაცემას თანხმობა მისცეს.
დეპუტატებმა ასევე ,,დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ინფორმაცია მოისმინეს და განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალებების, განაშენიანების რეგულირების გეგმების პროექტებისა და განაშენიანების რეგულირების კორექტირებული გეგმების პროექტების შესახებ იმსჯელეს.
სხდომაზე წარმოდგენილ ყველა საკითხს დადებითი რეკომენდაცია მიეცა და მათ საკრებულოს წევრები უკვე წარმომადგენლობითი ორგანოს უახლოეს სხდომაზე განიხილავენ.
გაერთიანებულ სხდომას, რომელსაც ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე გოჩა ბაბუნაშვილი და გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე შორენა ბუხრაშვილი ხელმძღვანელობდნენ, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.