თბილისის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ნიკოლოზ კახეთელიძე უძღვებოდა. კომისიის სხდომაზე მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის, შპს “თბილსერვის“ ჯგუფის და მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ 2021 წელს შესრულებული სამუშაოების ანგარიშები მოისმინეს.
მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა გიგა გიგაშვილმა თბილისში ჩატარებული გამწვანების სამუშაოების შესახებ დეტალურად ისაუბრა. მან 2021 წელს დედაქალაქის მასშტაბით გამწვანების ღონისძიებებისა და დარგული ხე-მცენარეების სტატისტიკა წარადგინა და მწვანე ნარგავების აღდგენა-გაშენების, ასევე ტყის ბუნებრივი განახლების ხელისშეწყობის სამუშაოების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, გამწვანების ღონისძიებების გარდა, დედაქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა მისამართზე, არსებული პარკებისა და ბულვარების რეაბილიტაცია განხორციელდა. ამასთან, სარეკრეაციო სივრცეებში, სარწყავი სისტემები მოეწყო და შადრევნები რეაბილიტირდა. მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის თქმით, გასულ წელს, 7 მისამართზე, გზაგამყოფი კუნძულები მოეწყო. გიგა გიგაშვილმა, ანგარიშის წარდგენისას, საკრებულოს წევრებს მიმდინარე პროექტებიც გააცნო.
გასული წლის საქმიანობის ანგარიშში, თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიას შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა დავით ფაჩულიამ წარუდგინა, რომელმაც დედაქალაქის მასშტაბით, სადრენაჟე ქსელების, სანიაღვრე და მდინარის კოლექტორების მოწყობის, ნარჩენების მართვისა და ხევების დასუფთავების შესახებ ისაუბრა.
თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიას 2021 წლის ანგარიში დედაქალაქის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელმა კახაბერ გულედანმა და ინსპექციის წარმომადგენლებმაც ჩააბარეს. მათ ყურადღება მწვანე ნარგავების დაზიანების, თვითნებური/უკანონო ჭრის, მწვანე ნარგავებით სარგებლობის, მოვლა-აღდგენის წესების დარღვევებზე მომხდარი რეაგირების, ასევე, მწვანე ნარგავების უკანონო, ან კანონიერი ტრანსპორტირების საკითხებზე გაამახვილეს. ამას გარდა, მუნიციპალური ინსპექციის ანგარიშში საუბარი შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღებას, ნარჩენებით ქალაქის დანაგვიანებას, ხევების სამშენებლო ნარჩენებით დაბინძურების ფაქტებს, დიღმის ჭალებსა და ქალაქში აკუსტიკური ხმაურის პრობლემასაც შეეხო.