დღეს, თბილისის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისია გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ნიკოლოზ კახეთელიძე უძღვებოდა.
სხდომაზე თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა გიგა გიგაშვილმა მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების პროექტი წარმოადგინა.
როგორც გიგა გიგაშვილმა განაცხადა, ახალი დადგენილების შემუშავება ითვალისწინებს, როგორც ტექნიკური ხარვეზების, ასევე შინაარსობრივი ცვლილებების განხორციელებას.
მისივე თქმით, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი საკითხი რომელიც წესში ცალკე თავად გამოიყო, მწვანე ნარგავების გადარგვის ზოგადი მუხლების ჩამოყალიბებაა. აღნიშნული მუხლებით დარეგულირდება როგორც მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, ასევე მის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სახელმწიფო და კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მდებარე მწვანე ნარგავების გადარგვის საკითხს.
აღნიშნულ წესში წარმოდგენილი ცვლილებების შესაბამისად, რეგულაციები გამკაცრდება მწვანე ნარგავების დაზიანების, თვითნებური/უკანონო ჭრის, მწვანე ნარგავებით სარგებლობის, მოვლა-აღდგენის წესების აღსრულებასთან დაკავშირებით.
გიგა გიგაშვილმა ასევე დედაქალაქის სასმელი წყლის რეზერვუარის სანიტარული დაცვის ზონის დადგენისა და მართვის წესში განსახორციელებელი ცვლილებები წარმოადგინა და აღნიშნა, რომ თბილისის წყალსაცავზე გამოიყო სამი სარტყელი, ხოლო მესამე სარტყელი ორ არეალად დაიყო.
თბილისის წყალსაცავის მოცულობისა და სპეციფიკის გათვალისწინებით თითოეული სარტყლისთვის მართვის სპეციალური რეჟიმი დადგინდა.
დღესვე საკრებულოს წევრებმა „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ თბილისის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის N39-18 დადგენილებაში ზონალური ცვლილებები განიხილეს.
კომისიის წევრებმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 დეკემბრის № 4-7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ იმსჯელეს. საკითხი კომისიის თავმჯდომარემ ნიკოლოზ კახეთელიძემ წარმოადგინა.
გარემოს დაცვის კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს მხარი დაუჭირეს და საკრებულოს სხდომაზე წარსადგენად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.