რევაზ სოხაძის ხელმძღვანელობით, თბილისის საკრებულოში, ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე პაატა ტოგონიძის დანიშვნაზე თანხმობის მიცემით დაიწყო. საკითხი განსახილველად დეპუტატებს საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ კახეთელიძემ წარუდგინა. პაატა ტოგონიძის კანდიდატურას ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს.
დღესვე, კომისიის წევრებმა თბილისში, რამდენიმე მისამართზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა ნაგებობების რეაბილიტაცია/ჩანაცვლების მიზნით, გასატარებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს; სხვადასხვა მისამართებზე განაშენიანების ზონალური ცვლილებები და განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები განიხილეს. ასევე, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა დაკმაყოფილების მიზნით მუნიციპალიტეტის მიერ გადაცემული მიწის ნაკვეთებზე განაშენიანების რეგულირების გეგმის გარეშე სამშენებლო განვითარების დასაშვებობის საკითხები შეათანხმეს.
ამას გარდა, დეპუტატებმა თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს, გიორგი ბებიაშვილს მოუსმინეს და შარტავას ქუჩაზე არსებულ სამშენებლო ობიექტთან მიმართებით გაცემული ხელშემწყობი ღონისძიებების ფარგლებში, შპს ,,ინსის“ მიერ შესრულებული ვალდებულების დადასტურების თაობაზე“ იმსჯელეს.
ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიამ საკრებულოს რამდენიმე დადგენილებაში შესატანი ცვლილებებიც განიხილა. წარმოდგენილ ცვლილებებს კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს.