ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე, დედაქალაქის მიმდინარე წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები განიხილეს. ცვლილებების თანახმად, რომელიც საკრებულოს წევრებს მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა, გაიოზ თალაკვაძემ წარუდგინა, თბილისის ბიუჯეტის მოცულობა 48 456,0 ათასი ლარით იზრდება და 2 058 335,6 ათას ლარს შეადგენს.
ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის წევრებმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტსა და შპს „თბილისერვის ჯგუფს“ შორის „თბილისის მუნიციპალური მომსახურების პროექტთან დაკავშირებით“ ქვესასესხო ხელშეკრულების ფარგლებში, სასესხო შეთანხმების ხელმისაწვდომობის ვადის გახანგრძლივებაზე თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე იმსჯელეს. საკითხი შ.პ.ს. თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელობამ წარადგინა.
დღესვე, შპს „ათორის“და მასთან აფილირებული კომპანიების მიერ დაუმთავრებელი მშენებლობის შედეგად დაზარალებული პირების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის მიზნით, თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული პირის კონკურენტული შერჩევის საფუძველზე, პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზებისა და შესაბამისი ხელშეკრულების პირობების შეთანხმების შესახებ იმსჯელეს.
ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ, რევაზ სოხაძემ კი რამდენიმე მისამართზე, დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებისა და დაზარალებულ პირთა მიმართ გასაცემი ვალდებულებების შესრულებისათვის გასატარებელი ღონისძიებების საკითხი წარადგინა.
ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის გადაწყვეტილებით, ცვლილებები შევიდა საკრებულოს რამდენიმე დადგენილებასა და განკარგულებაში. მათ შორის, „თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს დადგენილებაში. კომისიის წევრებმა რამდენიმე მისამართზე,
„კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის/ჩანაცვლების მიზნით გასატარებელი ღონისძიებები შეათანხმეს.
დღესვე, საკრებულოს წევრებმა, სხვადასხვა მისამართებზე, განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები და ზონალური ცვლილებები დაამტკიცეს.
თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომას მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.