რევაზ სოხაძის ხელმძღვანელობით, თბილისის საკრებულოში დღეს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე, რომელსაც მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, თბილისის მიმდინარე წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები განიხილეს. ცვლილებების თანახმად, რომელიც კომისიის წევრებს მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა, გაიოზ თალაკვაძემ გააცნო, დედაქალაქის ბიუჯეტის მოცულობა 1 490,0 ათასი ლარით იზრდება და 2 009 879,6 ათას ლარს შეადგენს.
დღესვე, კომისიის წევრებმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, თბილისის მერიასა და შპს „თბილსერვის ჯგუფ“-ს შორის, „თბილისის ნარჩენების პოლიგონის გაზშემკრები სისტემის“ და „თბილისის ნარჩენების გადამუშავების“ პროექტებთან დაკავშირებით, ქვესასესხო ხელშეკრულების ხელმოწერაზე თანხმობის მიცემის საკითხზე იმსჯელეს.
სხდომაზე, საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ საირმის, მუხაძისა და აბაშიძის ქუჩებზე არსებული დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებისა და დაზარალებულ პირთა მიმართ გასაცემი ვალდებულებების შესრულებისათვის გასატარებელი ღონისძიებების საკითხი წარადგინა.
კომისიის წევრებმა კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია-ჩანაცვლების მიზნით, მარატ ნოზაძის ქუჩაზე არსებულ მიწის ნაკვეთთან მიმართებით გასატარებელი ღონისძიებების საკითხი შეათანხმეს და რკინიგზის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთთან მიმართებით, გასატარებელი ღონისძიებების საკითხის შეთანხმების თაობაზე საკრებულოს განკარგულება ძალადაკარგულად გამოაცხადეს.
ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე სხვადასხვა მისამართებზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები და ზონალური ცვლილებები დაამტკიცეს. ამას გარდა, კომისიის წევრებმა საკრებულოს რამდენიმე დადგენილებაში შესატანი ცვლილებებიც განიხილეს.