სამგორის რაიონში, ე.წ. აფრიკის დასახლებაში, 64-ე საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობის დასრულებული სამუშაოები თბილისის საკრებულოს განათლების და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, ისნის რაიონის მაჟორიტარმა კახა ლაბუჩიძემ, თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ, სამგორის რაიონის მაჟორიტარმა რევაზ სოხაძემ, თბილისის მერის მოადგილემ, კახა გულედანმა და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახა აბულაძემ დაათვალიერეს.
საბავშვო ბაღში რეგისტრაცია დაწყებულია და დაწესებულება აღსაზრდელების მიღებას მომავალი წლის იანვრიდან შეძლებს.
64-ე საბავშვო ბაღი თბილისში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იქნება, 15ჯგუფში სკოლამდელ განათლებას 500-მდე აღსაზრდელი მიიღებს.
ბაგა-ბაღი თანამედროვე სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაშია. შენობა სახანძრო უსაფრთხოების, ასევე ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებით არის აღჭურვილი, ადაპტირებულია შშმ პირთათვის, დაცულია ბავშვთა უსაფრთხოების ყველა ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტი.
კახა ლაბუჩიძის განცხადებით, თბილისის მერის დაპირება ქალაქში ახალი, თანამედროვე სტანდარტების ბაგა-ბაღების მშენებლობის შესახებ სრულდება და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.
„ე.წ. აფრიკის დასახლებაში ამჟამად მხოლოდ ერთი საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, რის გამოც მოთხოვნა სერვისებზე საკმაოდ მაღალია. ახალი ბაღის გახსნის შედეგად ეს მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდება. 2024 წელს ჩვენ რამდენიმე ბაღს გავხსნით და ახალი ბაღების მშენებლობასაც ჩავუყრით საფუძველს“ ,- აცხადებს კახა ლაბუჩიძე.
განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ ისნის გამგებელთან, ნიკა ელისაშვილთან, ერთად კიდევ ერთი მშენებარე ობიექტი დაათვალიერა ისნის რაიონში. ახალი, 8-ჯგუფიანი ბაღი ვაზისუბნის დასახლებაში, აშოტ კურაპალატის ქუჩაზე მომავალი წლის გაზაფხულზე გაიხსნება და 250-მდე აღსაზრდელს მოემსახურება.