თბილისის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის, სახელმწიფო ენის დეპარტამენტისა და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ერთობლივი ინიციატივით მშობლიური ენის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. მშობლიური ენის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საღამო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, გახსნა. მან დამსწრე საზოგადოებას მშობლიური ენის საერთაშორისო დღე მიულოცა.
„2000 წლის თებერვლიდან მშობლიური ენის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად სხვადასხვა ღონისძიებით მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში, აღინიშნება. მოხარულები ვართ, რომ დღევანდელ ღონისძიებას თბილისის საკრებულო მასპინძლობს. ქართული ენის, ასევე საქართველოში მცხოვრები მრავალი ეთნოსის მშობლიური ენის შენარჩუნებისა და განვითარების საკითხი ჩვენთვის ძალიან აქტუალურია და ამას ის ადამიანები უწყობენ ხელს, რომლებიც დღეს აქ გვესწრებიან, რისთვისაც მათ მინდა მადლობა გადავუხადო. ყველას გილოცავთ მშობლიური ენის საერთაშორისო დღეს“,- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, კახა ლაბუჩიძემაც, მიმართა და მშობლიური ენის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ჩვენ, როგორც დემოკრატიულ პლატფორმაზე მდგომი ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი ქვეყანა, ასევე მრავალსაუკუნოვანი ტოლერანტობის ტრადიციის, მრავალეროვანი და მრავალენოვანი საზოგადოების თანაცხოვრების გამოცდილების მქონე ერი, ვუერთდებით საერთაშორისო ვალდებულებას, რათა საქართველოში მცხოვრებ ამა თუ იმ ენობრივ ჯგუფს ხელი შევუწყოთ მშობლიური ენის დაცვასა და განვითარებაში“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.
ღონისძიებაზე სიტყვით სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლია გიგაური, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თინათინ ბოლქვაძე გამოვიდნენ.
მშობლიური ენის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში 15 მეცნიერი და ხელოვანი დააჯილდოვეს.
მშობლიური ენის საერთაშორისო დღე იუნესკომ ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნების, განვითარებისა და წარმოჩენის მიზნით 1999 წელს დააწესა. საქართველოს განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2015-2016 წლებში შესაძლებელი გახდა საქართველოს ზოგიერთ სკოლაში მცირერიცხოვანი ეროვნული უმცირესობების მშობლიური ენების სწავლება. აღსანიშნავია, რომ საქართველოში 1978 წელს განვითარებული მოვლენების შემდეგ ჩვენს ქვეყანაში დედაენის დღედ 14 აპრილი გამოცხადდა.