თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა განათლების და კულტურის კომისიაში წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე კონსტანტინე ანდრონიკაშვილის საცხოვრებელ სახლზე მემორიალური დაფის განთავსების საკითხი განიხილეს, რომელიც მერაბ გეგეჭკორმა და ქეთევან ბახტაძე-გეგეჭკორმა წარმოადგინეს.
როგორც კომისიის სხდომაზე აღნიშნეს, ქ. თბილისში, შ. ღამბაშიძის N3-ში 1934-1936 წლებში ცხოვრობდა საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე, 1924 წლის აჯანყების ერთ-ერთი მოთავე კონსტანტინე ანდრონიკაშვილი.
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ კონსტანტინე ანდრონიკაშვილი აქტიურად მონაწილეობდა პოლიტიკურ საქმიანობაში. 1918 წელს შედიოდა ეროვნული საბჭოს შემადგენლობაში. 1919 წლის თებერვალში სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით არჩეულ იქნა დამფუძნებელი კრების წევრად, 1919 წლის 12 მარტს პირველივე სხდომაზე მან ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს.
კახაბერ ლაბუჩიძის განცხადებით, განათლებისა და კულტურის კომისია აქტიურად არის ჩართული დედაქალაქში საზოგადო მოღვაწეთა მემორიალური დაფების განთავსების საკითხის განხილვაში.
კომისიის წევრებმა კონსტანტინე ანდრონიკაშვილის მემორიალური დაფის განთავსების საკითხთან დაკავშირებით დადებითი რეკომენდაციები გასცეს, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში არსებულ სპეციალურ კომისიაში გადაიგზავნება განსახილველად.