თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე კახა
ლაბუჩიძე უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა განათლების და კულტურის კომისიაში წარმოდგენილი წერილის საფუძველზე, ცნობილი კომპოზიტორის, არამ ხაჩატურიანის მემორიალური დაფის განთავსების შესახებ იმსჯელეს, რომელიც უახლოეს მომავალში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილ სპეციალურ კომისიას გადაეგზავნება.
არამ ხაჩატურიანის მემორიალური დაფის განთავსების თხოვნით დედაქალაქის საკრებულოს საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩომ მომართა. საცხოვრებელი სახლი მდებარეობს ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, დიმიტრი უზნაძის ქუჩა #93-ში. შენობა თარიღდება XIX საუკუნის ბოლო პერიოდით, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ობიექტს წარმოადგენს ქუჩის განაშენიანებაში და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2007 წლიდან აქვს მინიჭებული. ცნობილი კოპოზიტორი არამ ხაჩატურიანი აღნიშნულ მისამართზე 1906-1922 წლებში ცხოვრობდა.
კომისიის სხდომას ესწრებოდნენ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველი ანა სააკიანი და ამავე საელჩოს კანცელარიის უფროსი ია ნანობაშვილი.
აღსანიშნავია, რომ არამ ხაჩატურიანი მე-20 საუკუნის გენიალური კომპოზიტორი, დირიჟორი და პედაგოგი იყო. მისი ნაწარმოებები გამოირჩევა ფერთა სიუხვით, ემოციურობით, მუსიკალური ენის თვითმყოფობით. სომხურ ხალხურ მუსიკასთან ერთად მის მუსიკაზე გავლენა თბილისურმა ქალაქურმა ფოლკლორმაც მოახდინა.