თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის და განათლების და კულტურის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა. კომისიების წევრებმა სამგორის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე კახა სამხარაძის კანდიდატურა განიხილეს, რომელიც თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა ვალერი ჭიღლაძემ წარადგინა. საკრებულოს წევრებმა წარმოდგენილ კანდიდატურას მხარი დაუჭირეს და კახა სამხარაძეს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვეს.
ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე ორი საკითხი წარადგინა, რომელთაგანაც ერთი C ჰეპატიტის დიაგნოსტიკის ქვეპროგრამის განხორციელების წესს ეხებოდა. ასევე წარმოდგენილი იყო სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების ქვეპროგრამის განხორციელების წესში ტექნიკური ცვლილება.
სსიპ ქონების მართვის სააგენტოს იურიდიული სამსახურის უფროსმა ნინო კვეტენაძემ თბილისის სხვადასხვა რაიონებში ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების, ასევე მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის წესით იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხები წარადგინა.
კომისიების წევრებმა წარდგენილ საკითხებს მხარი დაუჭირეს და საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.