თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში 2019 წელს ჩატარებული და დაგეგმილი სამუშაოებისა და განხორცილებული რეფორმების შესახებ იმსჯელეს.
განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის, თამარ ტალიაშვილის თქმით, კომისია საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ანგარიშს გამჭვირვალობისა და საკითხისადმი საზოგადოების მაღალი ინტერესის შესაბამისად სისტემატურად განიხილავს.
სხდომაზე ბაგა-ბაღების სააგენტოს დირექტორმა, კახაბერ გვანცელაძემ ინფრასტრუქტურული პროექტების, უსაფრთხოების, აღსაზრდელთა კვების, პერსონალის ტრენინგებისა და საგანმანათლებლო პროექტების, ადამიანური რესურსების, ინსტიტუციური განვითარებისა და ინოვაციური პროექტების, ასევე, შესყიდვებისა და ფინანსების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია წარმოადგინა.
მან ასევე აღნიშნა, რომ განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციატივით თბილისის ბაგა-ბაღებში შექმნილი ფსიქოლოგების, სპეც-პედაგოგებისა და ლოგოპედების მულტიფუნქციური ჯგუფები იმდენად წარმატებული პროგრამაა, რომ საქართველოში ვიზიტით მყოფი ესტონელი კოლეგებისთვის მისაბაძ ნიმუშად იქცა.
„თუ 2014 წელს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღები 51000 აღსაზრდელს ემსახურებოდნენ, 25 ახალი ბაღის გახსნით დღეს სკოლამდელი აღზრდა-განათლების სერვისით 61000-ზე მეტი ოჯახია უზრუნველყოფილი. ამჟამად მიმდინარეობს კიდევ 9 ბაღის მშენებლობა, რაც ბაგა-ბაღების აღსაზრდელების რაოდენობას დამატებით 3000-ით გაზრდის. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ პრიორიტეტი არა მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტებია, არამედ აღზრდა-სწავლების მეთოდოლოგია, უსაფრთხოება, ჰიგიენა და კვება. დიდ გამოწვევად რჩება აღმზრდელ-პედაგოგების ღირსეული ანაზღაურებით უზრუნველყოფა“, - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
ანგარიშის წარდგენის შემდეგ სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რომელზეც საკრებულოს დეპუტატებმა მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მოისმინეს.