თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, კახა ლაბუჩიძემ, მშობლიური ენის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება სახელმწიფო ენის დეპარტამენტის, თბილისის საკრებულოს და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ორგანიზებით ჩატარდა.
მშობლიური ენის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება. წელს იმ მწერლებთან, მთარგმნელებთან და ჟურნალისტებთან გაიმართა შეხვედრა, რომლებიც საქართველოში მცხოვრებ უმცირესობათა ენებზე წერენ და თარგმნიან. მათ საზოგადოებას საკუთარი შემოქმედება გააცნეს.
„ჩვენ, როგორც დემოკრატიულ პლატფორმაზე მდგომი ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი ქვეყანა, ასევე მრავალსაუკუნოვანი ტოლერანტობის ტრადიციის, მრავალეროვანი და მრავალენოვანი საზოგადოების თანაცხოვრების გამოცდილების მქონე ერი, ვუერთდებით საერთაშორისო ვალდებულებას, რათა საქართველოში მცხოვრებ ამა თუ იმ ენობრივ ჯგუფს ხელი შევუწყოთ მშობლიური ენის დაცვასა და განვითარებაში", - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.
ღონისძიების ფარგლებში, სპეციალური საჩუქრები და სიგელები გადაეცათ საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელ, სომეხ, ოს, უკრაინელ, უდი და პოლონელ მწერლებს, მეცნიერებს, ჟურნალისტებს და მთარგმნელებს.
მშობლიური ენის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად აღინიშნება 21 თებერვალს. მისი მიზანია ხელი შეუწყოს ინფორმირებულობას ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების შესახებ.
21 თებერვალი მშობლიური ენის დღედ იუნესკომ 1999 წლის 17 ნოემბერს გამოაცხადა, ხოლო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ 2002 წელს გაეროს რეზოლუციით ოფიციალურად აღიარა.