თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, კახა ლაბუჩიძემ, ქალაქ პრაღის მეექვსე ოლქის მერთან, იაკუბ სტარეკთან, მის მოადგილეებთან, მარიან ჰოშეკთან, მარიანა ჩაპკოვასთან და ვაკის რაიონის გამგებელ დავით კვინიკაძესთან ერთად სამგორის რაიონში, ე.წ. აფრიკის დასახლებაში, 64-ე საბავშვო ბაგა-ბაღის შენობა დაათვალიერა.
სტუმრებმა თბილისში ერთ-ერთი ყველაზე დიდი, თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი ბაგა-ბაღი დაათვალიერეს, რომელიც აღჭურვილია სახანძრო უსაფრთხოების და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემით, ასევე ადაპტირებულია შშმ პირთათვის. ბაგა-ბაღში დაცულია ბავშვთა უსაფრთხოების ყველა ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტი.
განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, კახა ლაბუჩიძემ, სტუმრებთან საუბრისას განაცხადა, რომ თბილისში ახალი, თანამედროვე სტანდარტების ბაგა-ბაღების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.
„მიმდინარე წელს რამდენიმე საბავშვო ბაღი გავხსენით, ასევე ახალ მშენებლობებსაც ჩავუყარეთ საფუძველი. ე.წ. აფრიკის დასახელებაში ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი საბავშვო ბაღი ფუნქციონერებს, რომელიც მიმდინარე წელს გაიხსნა და 500 ბავშვს ემსახურება“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.
უცხოელმა სტუმრებმა განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარეს, კახა ლაბუჩიძეს, მადლობა გადაუხადეს მასპინძლობისთვის და აღნიშნეს, რომ გამოცდილების გაზიარება ორმხრივად სასარგებლო და შედეგიანი იქნება.
დღესვე კახა ლაბუჩიძემ სტუმრებს ვარკეთილში მდებარე მედიათეკა დაათვალიერებინა, რომელიც სრულადაა ადაპტირებული შშმ პირთა საჭიროებებზე. მისივე თქმით, მედიათეკა მოიცავს იზოლირებულ სამკითხველო დარბაზებს ბავშვებისა და მოზარდებისთვის, მთავარ სამუშაო სივრცეს და ეკრანითა და პროექტორით აღჭურვილ მულტიმედიურ ოთახს, სადაც ფილმების ჩვენება, პრეზენტაციები და სხვადასხვა ტიპის სახელოვნებო შეხვედრები იმართება.
როგორც შეხვედრაზე კახა ლაბუჩიძემ განაცხადა, თბილისის მერიის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანება 2018 წელს კულტურულ-საგანმანათლებლო ობიექტების რეფორმის ფარგლებში შეიქმნა. მისი მიზანია თანამედროვე ტიპის კულტურულ-საინფორმაციო სივრცის შექმნა, რომელშიც მომხმარებელს საშუალება აქვს ისარგებლოს როგორც მრავალფეროვანი წიგნადი ფონდით, ისე ელექტრონული რესურსებით.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის მიმართულებებზე ისაუბრეს. პრაღის მეექვსე ოლქის მერისა და მისი მოადგილეების ვიზიტი თბილისში 18 მარტს დაიწყო და 21 მარტს დასრულდება.