თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი და განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე საგანმანათლებლო კოლეჯ „სპექტრის“ ადმინისტრაციას და მოსწავლეებს შეხვდნენ. საკრებულოს წევრებმა კოლეჯის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერეს და სასწავლო პროცესს გაეცნენ.
თინათინ ნიბლოშვილის თქმით, პროფესიული განათლების ხელშეწყობა თბილისის ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამის შედეგია, რომ „ისწავლე და დასაქმდი“ 2018 წლიდან დღემდე წარმატებულ პროექტად ჩამოყალიბდა.
„ქვეყანაში, სადაც პრაქტიკულ უნარებზე დიდი მოთხოვნაა, პროფესიულ სასწავლებლებს მნიშვნელოვან როლი აქვთ სამუშაო ძალის ჩამოყალიბებაში. ძლიერი ეკონომიკა დამოკიდებულია კვალიფიციურ სამუშაო ძალაზე, ამიტომ პროფესიულ განათლებაში ინვესტიციებით სახელმწიფო და ბიზნესი უზრუნველყოფენ ეკონომიკურ ზრდას, სამუშაო ადგილების შექმნას და ტექნოლოგიურ პროგრესს“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
მუნიციპალიტეტის პროექტის „ისწავლე და დასაქმდი“ ფარგლებში, კოლეჯი „სპექტრი“ ყოველწლიურად პროფესიულ პროგრამებზე 500-მდე ადამიანს ამზადებს. აღსანიშნავია, რომ კურსდამთავრებულთა 80% დასაქმებულია.