თბილისის საკრებულოსა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა და სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ მოაწერეს.
მემორანდუმის მიზანი განათლებისა და მეცნიერების პოპულარიზაცია, ხელოვნებისა და კულტურის სფეროების ინოვაციურ-შემოქმედებითი პროცესების ხელშეწყობაა.
დოკუმენტის თანახმად, მხარეები თბილისის საგანმანათლებლო დაწესებულებებში კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტებს განახორციელებენ. დაინტერესებულ პირთათვის პერიოდულად ფორუმები, ადგილობრივი თუ საერთაშორისო კონფერენციები, საჯარო-სალექციო კურსები, ტრენინგები და მასტერკლასები ჩატარდება.
თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის თამარ ტალიაშვილის განმარტებით, ბოლო პერიოდში თბილისის საკრებულოს მიერ მნიშვნელოვანი ღონისძიებები გატარდა, რომელთა მიზანიც სკოლამდელი, სასკოლო და უმაღლესი განათლების ხელშეწყობა გახლდათ. მისივე თქმით, მემორანდუმი სწორედ აღნიშნული პროცესის გაგრძელებაა.
ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა დარჩია და წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატები ესწრებოდნენ.