საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის რეგიონთა პალატის ვიცე-პრეზიდენტმა - თამარ ტალიაშვილმა და ათეა-ს აღმასრულებელმა დირექტორმა - დავით მელუამ ლიეტუვა-საქართველოს მუნიციპალურ ფორუმში მიიღეს მონაწილეობა.
თამარ ტალიაშვილმა ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა, ორი ქვეყნის მეგობრობაზე ისაუბრა და საქართველოსა და ლიეტუვის მუნიციპალიტეტებს შორის მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობის მნიშვნელობასა და მიღწეულ კონკრეტულ შედეგებზე გაამახვილა ყურადღება. ათეა-ს ვიცე - პრეზიდენტმა ლიეტუვის წარმომადგენლებს ევროსაბჭოს კონგრესზე საქართველოს მხარდაჭერისთვის კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა.
„როგორც ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის რეგიონთა პალატის ვიცე-პრეზიდენტი, კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით კონგრესში გამოცხადებული ნდობისა და განსაკუთრებული თვალსაჩინო მხარდაჭერისთვის, რომელიც თქვენმა წარმომადგენლებმა გამოიჩინეს საქართველოში ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის შესახებ მონიტორინგის დასკვნის შეფასებასა და მიღებაში. აღნიშნული დასკვნა უპრეცედენტოდ დადებითად აფასებს საქართველოში დემოკრატიის პროგრესს“, - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
ღონისძიების მონაწილეებს სხვა გამომსვლელებთან ერთად, ასევე მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ - მზია გიორგობიანმა და ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში - გიედრიუს პუოჯუნასმა, ათეა-ს აღმასრულებელმა დირექტორმა - დავით მელუამ. ფორუმის მონაწილეებმა რეგიონებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს და ერთმანეთს, სხვადასხვა მიმართულებით, საკუთარი ქვეყნების გამოცდილება გაუზიარეს.
ღონისძიება, რომელიც ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრში გაიმართა, ათეა-ს მხარდაჭერით მოეწყო და მას საქართველოსა და ლიეტუვის ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.