თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის, თამარ ტალიაშვილის ინიციატივით, საქართველოში მომუშავე 30-მდე მსხვილ დონორ ორგანიზაციასთან შეხვედრა სახელწოდებით, ,,თბილისის საგანმანათლებლო პრიორიტეტები და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა’’ გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა განათლების სფეროში მხარდაჭერის გაძლიერებაზე იმსჯელეს.
მოწვეულ სტუმრებს საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე მიესალმა და მადლობა გადაუხადა საქართველოში განხორციელებული პროექტების, მათ შორის, განათლების სფეროში გაწეული კონტრიბუციისთვის. საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, განათლების სფეროში ხელისუფლების პრიორიტეტები საკმაოდ მრავალფეროვანია დაწყებული სკოლამდელი აღზრდით და დამთავრებული პროფესიული თუ უწყვეტი განათლებითა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებით. გიორგი ტყემალაძემ ყურადღება გაამახვილა მაღალი სტანდარტის პროგრამებსა და შესაფერისი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო გარემოს უზრუნველყოფაზე.
საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ტალიაშვილმა თავის გამოსვლაში აქცენტი გააკეთა განათლების პოლიტიკასა და სტრატეგიულ ხედვებზე, გაეროს მდგრადი განვითარების SDG 2030 ერთ-ერთი ცენტრალური მიზნის-ხარისხიანი განათლების მიღწევაში მუნიციპალური პროგრამების მნიშვნელობაზე და ამ პროცესში თბილისის, როგორც დედაქალაქის როლზე. დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ დონორ ორგანიზაციებთან შეხვედრები სისტემურ ხასიათს მიიღებს და თანამშრომლობა სამუშაო ფორმატში გაგრძელდება.
შეხვედრაში მონაწილეობდა თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, რომელმაც განათლებაში მუნიციპალური პროგრამების პრეზენტაცია წარმოადგინა. მან ყურადღება გაამახვილა განათლებაში მიმდინარე და დაგეგმილ ნაბიჯებზე.
დონორ ორგანიზაციებთან საკოორდინაციო შეხვედრა ,,ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს’’ ორგანიზებით გაიმართა. ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ, მადლობა გადაუხადა თბილისის საკრებულოს შეხვედრის ინიცირებისთვის და შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე,140 მლნ. აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში განხორციელებული და მიმდინარე საგანმანათლებლო პროექტები.
შეხვედრაზე მოწვეულმა დონორმა ორგანიზაციებმა, თავის მხრივ, საქართველოში განათლების სფეროში მიმდინარე პროექტებზე და პრიორიტეტებზე პრეზენტაციები წარმოადგინეს.
შეხვედრისას მხარეები შეთანხმდნენ, სამომავლო თანამშრომლობასა და პროექტებზე.