საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე უძღვებოდა.
სხდომაზე "თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამის განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ"ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 დეკემბრის N 20-122 დადგენილებაში ცვლილების შესახებ დადგენილების პროექტზე იმსჯელეს.
პროექტი კომისიის წევრებს, ქალაქ თბილისის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა გააცნო.
პროექტის მიხედვით, ცვლილება "გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების და კვლევების დაფინანსების ქვეპროგრამის განხორციელების წესის" მე-4 მუხლში შედის და დაფინანსების საკითხს ეხება.
მოქმედი რედაქციის მიხედვით, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს, წესით გათვალისწინებული მედიკამენტი უფინანსდებათ სრულად, თანაგადახდის გარეშე, ხოლო ყველა სხვა მოსარგებლეს მედიკამენტი უფინანსდება წესით დადგენილი ტარიფების გათვალისწინებით.
მედიკამენტის ღირებულების ლიმიტის 80%-ის მოცულობით (თანაგადახდა შეადგენს 20%-ს). წარმოდგენილი პროექტით აღარ ხდება დიფერენცირება სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირებსა და სტატუსის არმქონე პირებს შორის.
ყველა ბენეფიციარს, რომელიც აკმაყოფილებს წესით განსაზღვრულ კრიტერიუმებს მედიკამენტი დაუფინანსდება სრულად, წესით გათვალისწინებული ტარიფის ფარგლებში.
აქვე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შესახებ იმსჯელეს, რომელიც კომისიის წევრებს მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარუდგინა.
დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტში ცვლილებები ხორციელდება მიმდინარე წელს ფაქტობრივად მიღებული შემოსავლების გათვალისწინებით, კერძოდ: იზრდება სხვა შემოსავლების ნაწილში პროცენტებიდან მისაღები შემოსავლები 9 459,1 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო გრანტების ნაწილში უცხო სახელმწიფოთა მთავრობებიდან მიღებული გრანტები - 130,0 ათასი ლარით საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული გრანტების შემცირების ხარჯზე.
შესაბამისად, წარმოდგენილი პროექტით ბიუჯეტის მოცულობა ჯამურად იზრდება 9 459,1 ათასი ლარით და შეადგენს 1 833 083,6 ათას ლარით.
საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე განხილულ საკითხებს საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.