თბილისის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე უძღვებოდა.
სხდომაზე თბილისის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ საკრებულოს 2024 წლის 24 დეკემბრის N49-97 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელეს.
საკითხი კომისიის წევრებს თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ წარუდგინა.
თბილისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტში ცვლილებები ხორციელდება 2025 წლის 1 იანვრისათვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ანგარიშებზე არსებული ნაშთების გამოყენების და მიმდინარე წელს მოსალოდნელი პროგნოზების გათვალისწინებით, იზრდება მიზნობრივი ტრანსფერის მოცულობა დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად 600,0 ათასი ლარით. შესაბამისად, წარმოდგენილი პროექტით ბიუჯეტის მოცულობა სულ 2 685,7 ათასი ლარით იზრდება და 2 195 548,6 ათას ლარს შეადგენს. ასევე, იზრდება 100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარება – 567,0 ათასი ლარით, თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის მოვლა-პატრონობა – 600,0 ათასი ლარით.
დღესვე, სხდომაზე „თბილისის მუნიციპალიტეტში პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის განხორციელების წესის“ შესახებ იმსჯელეს.
საკითხი საკრებულოს წევრებს მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა ნინო ლომინაძემ გააცნო.
აღნიშნული საკითხი, პერსონალური ასისტენტის საშუალებით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (18 წელს მიღწეული, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე საქართველოს მოქალაქე) დამოუკიდებელი ცხოვრების და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას ეხება.
ქვეპროგრამის თანახმად, პერსონალურმა ასისტენტმა მომსახურების მიმღების ინდივიდუალურ საჭიროებებზე, ფუნქციურ შესაძლებლობებსა და მოთხოვნებზე მორგებული მომსახურების მიღება უნდა უზრუნველყოს და ხელი შეუწყოს მათ საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის განხორციელებაში, დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდასა და სოციალურ აქტივობაში.
ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს, საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.