თბილისის საკრებულოში გამართულ ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე უძღვებოდა, დედაქალაქის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა „თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს დადგენილებაში შესატანი ცვლილებები წარადგინა.
პროექტის თანახმად, მტკიცდება თბილისის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესები: „დაავადებათა სკრინინგის ქვეპროგრამის განხორციელების წესი“; „გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა ეპიდემიოლოგიური კონტროლის ქვეპროგრამის განხორციელების წესი“; „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის ქვეპროგრამის განხორციელების წესი“; „ტრანსპლანტაციის ქვეპროგრამის განხორციელების წესი“; „ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების ქვეპროგრამის განხორციელების წესი“; „ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო მომსახურების ქვეპროგრამის განხორციელების წესი“; „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტებისა და კვლევების დაფინანსების ქვეპროგრამის განხორციელების წესი“; „სახსრების ენდოპროთეზირების დაფინანსების“ ქვეპროგრამის განხორციელების წესი.
ცვლილება შედის „ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების ქვეპროგრამის განხორციელების წესში“ და ქვეპროგრამით დაფინანსებულ მედიკამენტებს ტრასტუზუმაბს, პერტუზუმაბს, ფესგოსა და ლაპატინებს ეხება.
ძველი წესის თანახმად, საჭირო მედიკამენტები სრულად უფინანსდებოდათ, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 150 000-ს არ აღემატებოდა, ხოლო ყველა სხვა მოსარგებლე, მედიკამენტის ღირებულების 80%-ის დაფინანსებით სარგებლობდა. ახალი ცვლილებით, ქვეპროგრამით გათვალისწინებულ მოსარგებლეებს, მიუხედავად მათი სოციალური სტატუსისა, მედიკამენტი დაუფინანსდებათ სრულად.
„გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების და კვლევების დაფინანსების ქვეპროგრამის განხორციელების წესში“ შეტანილი ცვლილებით, მოიხსნა იმუნომამოდიფიცირებელი პრეპარატების გამოყენების ასაკობრივი ზღვრები.
ასევე, ცვლილება შედის „დაავადებათა სკრინინგის“ ქვეპროგრამის განხორციელების წესში, რომლის მიხედვითაც 2 რადიოლოგის მიერ განსხვავებული შეფასებებისა და/ან სკრინინგული დიაგნოსტიკის საჭიროების შემთხვევაში, რომელიც დამატებით მოიცავს კონსესუს კონფერენციას, მოიწვევა მე-3 რადიოლოგი. მოქმედი წესისგან განსხვავებით, წარმოდგენილი პროექტით შეიცვალა მომსახურების ღირებულებაც.
გელა ჩივიაშვილმა კომისიის სხდომაზე, ასევე წარმოადგინა სოციალური დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესები: „სოციალურად დაუცველ ოჯახებში ყველა ახალშობილზე ერთჯერადი დახმარების“ ქვეპროგრამის განხორციელების წესი,“ „100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების ქვეპროგრამის განხორციელების წესი“, „სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისათვის 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე ყოველთვიური დახმარების“ ქვეპროგრამის განხორციელების წესი“, „სოციალურად დაუცველი 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარების“ და „სოციალურად დაუცველი მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უსინათლო პირების დახმარების“ ქვეპროგრამის განხორციელების წესი“, „უფასო სწავლება მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლებში და სასახლეში“ და „უფასო სწავლება ხელოვნების სკოლებში“ ქვეპროგრამის განხორციელების წესი“, „უფასო სწავლება სპორტულ სკოლებში და საცურაო აუზებში“ ქვეპროგრამის ფარგლებში სოციალურად დაუცველი მოსწავლეების საცურაო აუზებში სწავლების დაფინანსების წესი“, „შინმოვლის თანადაფინანსების“ ქვეპროგრამის განხორციელების წესი“, „სოციალურად დაუცველი საპენსიო ასაკის პირებისათვის მედიკამენტების დაფინანსების“ ქვეპროგრამის განხორციელების წესი“ ი) „მცირე საოჯახო ტიპის სახლებიდან გასული, სრულწლოვანი პირების დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის განხორციელების წესი“.
კომისიის სხდომაზე, კრწანისის რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ "თბილისის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული „დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის“ ქვეპროგრამის განხორციელების წესი წარადგინა.