თბილისის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე უძღვებოდა.
სხდომაზე თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ 2024 წლის ბიუჯეტი წარადგინა, რომლის თანახმად დედაქალაქის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა 1 708 254 700 ლარით განისაზღვრა, რაც 2023 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან მიმართებაში 131 122 100 ლარით არის გაზრდილი.
ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულიაa შემდეგი ძირითადი პრიორიტეტების დაფინანსება: ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 154 920 100 ლარი; სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა - აღდგენა - 567 498 100 ლარი; ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა, ექსპლუატაცია და ავარიული შენობების გამაგრება/ჩანაცვლება - 267 969 400 ლარი; ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება - 221 611 100 ლარი; ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა - 2 153 500 ლარი; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება - 38 796 300 ლარი; განათლება - 248 047 100 ლარი; კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა - 35 534,7 ლარი; საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება - 7 297 000 ლარი. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 154 920 100 ლარით, რაც 2023 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან მიმართებაში 10 759 400 ლარით არის გაზრდილი.
პრიორიტეტის ფარგლებში ჯანდაცვის პროგრამისათვის განსაზღვრულია 32 783 000 ლარი. გრძელდება გადამდებ და არაგადამდებ ეპიდემიოლოგიური კონტროლის, აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაცია, ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო მომსახურება, გაფანტული სკლეროზის და ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების, სახსრების ენდოპროტეზირების, დაავადებათა სკრინინგის და ტრანსპლანტაციის დაფინანსება.
სოციალური დაცვის პროგრამისთვის ჯამში გათვალისწინებულია 122 237 100 ლარი. გრძელდება შემდეგი ქვეპროგრამების დაფინანსება: კომუნალური სუბსიდირება, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისათვის 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე ყოველთვიური დახმარება, სოციალურად დაუცველი საპენსიო ასაკის პირებისათვის მედიკამენტების დაფინანსება, სოციალურად დაუცველ ოჯახებში ყველა ახალშობილზე ერთჯერადი დახმარება, შინმოვლის თანადაფინანსება, მცირე საოჯახო ტიპის სახლებიდან გასული, სრულწლოვანი პირების დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა, უფასო სწავლება მოსწავლე ახალგაზრდობის სახლებში, სასახლეში, ხელოვნების სკოლებში, სპორტულ სკოლებში და საცურაო აუზებში, თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის მოვლა-პატრონობა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა, საკურორტო მომსახურება და დახმარება, უფასო სასადილოებით მომსახურება რაიონებში, დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა საკომპენსაციო თანხები რაიონებში და სხვა.
კომისიის სხდომაზე, თბილისის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა „თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2022 წლის 29 დეკემბრის N20-122 დადგენილებაში შესატანი ცვლილება წარადგინა.
ცვლილება „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის ქვეპროგრამის განხორციელების წესში“ შედის, რომლის მიხედვითაც, განსაკუთრებულ შემთხვევაში, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა, უფლებამოსილი იქნება თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული მიმწოდებლად ჩართვის ნება მისცეს დაწესებულებას, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ისეთ სავალდებულო კრიტერიუმებს, როგორებიცაა ქვეპროგრამით გათვალისწინებული ყველა მომსახურების განხორციელების სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილების ქონა და 1 წლის განმავლობაში აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე სულ მცირე 20 ბავშვისათვის მომსახურების უწყვეტად მიწოდება.
აღნიშნული ცვლილება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დაქვემდებარებაში მყოფი მრავალპროფილური დაწესებულების „ბავშვის განვითარების ინსტიტუტის“ ფუნქციონირების შეწყვეტამ გამოიწვია. უნივერსიტეტის დაკვეთით მომზადებული დასკვნის შედეგად დადგინდა, რომ უნივერსიტეტის C კორპუსი ავარიულია. ყოველივემ აღნიშნული დაწესებულების ბენეფიციარებისთვის ალტერნატიული ფართის შეთავაზების საჭიროება წარმოშვა, რათა ქვეპროგრამის განხორციელების პროცესი არ შეფერხებულიყო და ბენეფიციართა უფლებები არ შეზღუდულიყო.
მიღებული ცვლილების შედეგად, ქვეპროგრამის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „ბავშვის განვითარების ინსტიტუტის“ ბენეფიციარებს „ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ მოემსახურება.
ცენტრის პერსონალი დაკომპლექტებული იქნება ყოფილი „ბავშვის განვითარების ინსტიტუტის“ პროფესიონალი თერაპევტებით, რომელთაც აქვთ ქვეპროგრამით გათვალისწინებული ყველა მომსახურების განხორციელების შესაბამისი გამოცდილება.
ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე თბილისის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა დამსწრე საზოგადოებას მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მუშაობის 1 წლის ანგარიში წარუდგინა.
კომისიის სხდომაზე განხილულ საკითხებს საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.