თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე წმინდა მიქაელის სახელობის მრავალპროფილურ ჰოსპიტალს ეწვია.
კლინიკაში სტუმრობისას ზურაბ ჩიკვილაძე სამედიცინო დაწესებულების დირექტორს, გიორგი გოგოლაძეს და მის მოადგილეს, მერაბ ჭიჭინაძეს, შეხვდა.
ჰოსპიტალის ხელმძღვანელობასთან გამართულ შეხვედრაზე საუბარი დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მიერ ჯანდაცვის მიმართულებით დაფინანსებულ პროგრამებს შეეხო.
ზურაბ ჩიკვილაძეს კლინიკის ხელმძღვანელმა პირებმა ინფორმაცია მიაწოდეს სამედიცინო დაწესებულების ფუნქციონირებაზე, იქ არსებულ სამედიცინო სერვისებზე და ჰოსპიტალის შენობა დაათვალიერებინეს.
„წმინდა მიქაელის მრავალპროფილური ჰოსპიტალი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალით, დაწესებულება აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით, რაც პაციენტებისათვის საიმედო გარემოს ქმნის.
პერსონალი ორიენტირებულია ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, აქ მუდმივად ზრუნავენ სერვისების გაუმჯობესებაზე და პაციენტებისათვის მაღალი სტანდარტის მომსახურების შეთავაზებაზე.
წმინდა მიქაელის ჰოსპიტალში წარმატებით ხორციელდება მუნიციპალური პროგრამები ჯანდაცვის მიმართულებით, რომელთაც ქალაქ თბილისის მერია ახორციელებს. აღნიშნული პროგრამების ბიუჯეტი და სერვისებზე ხელმისაწვდომობა მზარდია და მოქალაქეებზეა მორგებული; ამგვარი პროგრამების არსებობა ჩვენი საზოგადოების ჯანმრთელობის გარანტიაა“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.