თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით კომისიის წევრებთან, ნათია მოდებაძესთან და ანა კაკაბაძესთან, ერთად ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკას ესტუმრა.
სტუმრებს სამედიცინო დაწესებულების დირექტორმა გიორგი თედორაშვილმა უმასპინძლა და კლინიკაში არსებული გარემო დაათვალიერებინა, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს არის მორგებული და სადაც მოქალაქეები ხარისხიან მომსახურებას იღებენ. გიორგი თედორაშვილმა საკრებულოს წევრებთან საუბრისას ყურადღება გაამახვილა ექიმების გუნდზე, რომელიც მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებით არის დაკომპლექტებული.
თავის მხრივ, ზურაბ ჩიკვილაძემ კლინიკაში სტუმრობისას ისაუბრა გამართული ჯანდაცვის სისტემის და მუნიციპალური პროგრამების მნიშვნელობაზე.
„ჯანმრთელობის მსოფლიო დღის წლევანდელი გზავნილია: „ჯანსაღი დასაწყისი, იმედიანი მომავალი“. ის მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ჯანმრთელობის მნიშვნელობაზე სიცოცხლის პირველივე დღიდან. უმნიშვნელოვანესია დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, რისი წინაპირობაც არის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება, ჯანდაცვის მიმართულებით არსებული მუნიციპალური პროგრამები და მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალით დაკომპლექტებული კლინიკები“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.