თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსთან, გელა ჩივიაშვილთან, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩის მოადგილესთან, მელიქე ილმაზ ოსკიპერთან, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) თბილისის ოფისის კოორდინატორთან, ზეინეფ ბაირაქთან და გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის დირექტორთან, მარიამ ხანისთან, ერთად ეროვნული სკრინინგ ცენტრის დიდუბის ფილიალს ეწვია.
თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის ჩართულობით და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) თბილისის ოფისის დახმარებით ეროვნული სკრინინგ ცენტრის ოთხივე ფილიალი შშმ ქალბატონებისთვის განკუთვნილი ინვენტარით აღიჭურვა.
სტუმრებს ცენტრის დირექტორმა ეთერ კიღურაძემ უმასპინძლა. მან კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში საზოგადოების ინფორმირებულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ზურაბ ჩიკვილაძემ, მადლობა გადაუხადა თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) გაწეული სამუშაოსთვის და განაცხადა, რომ აღნიშნული ინვენტარი სპეციალური საჭიროებების მქონე პაციენტებს სრულფასოვანი სერვისის მიღების საშუალებას მისცემს. მისი თქმით, ადრეული დიაგნოსტიკა, სკრინინგი საუკეთესო პრევენცია და ჯანმრთელი ცხოვრების წინაპირობაა.