დღეს თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ზურაბ ჩიკვილაძემ, კომისიის წევრ ლევან აბაშიძესთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა საერთაშორისო ორგანიზაცია „Lions International“-ის საქართველოს წარმომადგენლებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკის გენერალური დირექტორი ნინო კარანაძე და სამედიცინო ექსპერტი ვახტანგ ჩხეიძე.
შეხვედრაზე „Lions International“-ის წარმომადგენლებმა სხვადასხვა საკითხზე გაამახვილეს ყურადღება, ისაუბრეს ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით განხორციელებულ პროექტებსა და არსებული ორგანიზაციის კლუბებზე, რომლებიც საქართველოს მასშტაბით არაერთ მნიშვნელოვან აქტივობას ახორციელებენ.
მხარეებმა იმსჯელეს მუნიციპალურ დონეზე ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებსა და სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივასა და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაზე შეთანხმდნენ.
„ჩვენთვის პრიორიტეტულია მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა. თბილისის მუნიციპალიტეტი სახელმწიფოსთან ერთად წლიდან წლამდე აძლიერებს ამ მიმართულებით არსებულ პროგრამებს, რაც ადამიანების ჯანმრთელობის და კეთილდღეობის წინაპირობაა. დღევანდელი შეხვედრაც ამ მიზანს ემსახურება. გუნდური მუშაობის პრინციპი შედეგზეა ორიენტირებული. საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა და ერთობლივი პროექტების განხორციელება კი მნიშვნელოვანი გზავნილია“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.