თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საკრებულოში თბილისის ბიბლიოთეკების თანამშრომლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე თბილისის ბილიოთეკებში დაგეგმილ რეორგანიზაციაზე იყო საუბარი.
ბიბლიოთეკების თანამშრომლებმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს განუცხადეს, რომ დღეს თბილისში არსებული ბიბლიოთეკებიდან რეორგანიზაციის შემდეგ სავარაუდოდ 12-13 ბიბლიოთეკა უნდა დარჩეს. მათივე თქმით, სისტემაში მომუშავე პირებს თბილისის მერია ჯერ ერთთვიან ტრენინგს ჩაუტარებს, ხოლო შემდეგ მათ გამოცდის ჩაბარება მოუწევთ იმისთვის, რომ ბიბლიოთეკებში მუშაობა გააგრძელონ. ამ გარემოებების გამო ბიბლიოთეკების თანამშრომლებმა უკმაყოფილება გამოთქვეს.
შეხვედრაზე გადაწყდა, რომ უახლოეს მომავალში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ფრაქციის სხდომას ჩაატარებენ, რომელზეც თბილისის მერის მოადგილეს, სოფიო ხუნწარიას მოიწვევენ და ბიბლიოთეკებში დაგეგმილ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით მისგან მიიღებენ ინფორმაციას. ამასთანავე, შემუშავდება პეტიცია რეორგანიზაციის პროცესის წინააღმდეგ და ამ პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება დაიწყება.