თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ფრაქციების „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ნაციონალური მოძრაობა-თბილისის“ წევრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე იმ ბავშვების მშობლებს შეხვდნენ, რომლებიც შშმ პირების საკურორტო მომსახურების პროგრამის მიმდინარეობით უკმაყოფილო არიან.
შეხვედრაზე, ფრაქციის წევრებმა მშობლებს მოუსმინეს და მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელობასთან აღნიშნული საკითხების გარკვევას დაპირდნენ.
„ჩვენ დავინტერესდებით ამ საკითხით და ჩავატარებთ მოკვლევას. ასევე გავეცნობით ყველა დოკუმენტაციას“, - განაცხადა მარინა დათუკიშვილმა.
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა-თბილისის“ თავმჯდომარემ ირაკლი აბესაძემ კი განაცხადა, რომ დღევანდელი შეხვედრის შედეგების შესახებ ინფორმაციას მერიის ხელმძღვანელობას აუცილებლად მიაწვდიან.
„იმედი გვაქვს შემდეგი ნაკადებისა და ზოგადად მომავალი წლისთვის მერია გაითვალისწინებს ამ შენიშვნებს და ყველაფერი იქნება ისე, როგორც ბავშვებს სჭირდებათ“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.