თბილისის საკრებულოში ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სხდომაზე თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორს კახაბერ გვანცელაძეს მოუსმინეს. შეხვედრაზე, რომელსაც რამდენიმე ბაგა-ბაღის ყოფილი დირექტორიც ესწრებოდა, ბაღებში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრეს.
სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და სააგენტოს დირექტორმა რამდენიმე საკითხზე, მათ შორის ბაგა-ბაღებში არსებულ კვებასა და ჯგუფებში ბავშვების გაზრდილ რაოდენობაზე ისაუბრა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დაინტერესდნენ, მოხდება თუ არა ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ ბაღების პედაგოგების კვების საკითხის გათვალისწინება, რაზეც კახაბერ გვანცელაძემ უპასუხა, რომ აღნიშნულ თემაზე მუშაობა მიმდინარეობს და პედაგოგების კვებასთან დაკავშირებით კონცეფცია უახლოეს მომავალში შემუშავდება.
შეხვედრაზე კახაბერ გვანცელაძემ სამოქმედო გეგმაც წარმოადგინა და განაცხადა, რომ ბაღებში პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნების შემუშავების შემდეგ პედაგოგების ხელფასები გაიზრდება.