თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავმჯდომარემ სევდია უგრეხელიძემ ბრიფინგი გამართა, რომელზეც ბაგა-ბაღებში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.
ფრაქციის თავმჯდომარის თქმით, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ახალ სასწავლო წელს ჯეროვნად მომზადებული არ შეხვდა, რის გამოც ბავშვების გარკვეული რაოდენობა ბაღების გარეშე დარჩა.
,,ხოლო პატარებს, რომლებიც საბავშვო ბაღებში ჩაირიცხნენ გადავსებულ ჯგუფებში უწევთ სიარული’’,-განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.
ბრიფინგზე დეპუტატმა ყურადღება ბავშვთა კვებაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ საბავშვო ბაღებისათვის კვების პროდუქტების შესაძენად გამოცხადებული ტენდერების ჩატარება ვერ უზრუნველყო.
მისივე ინფორმაციით, იმ კომპანიების წარმომავლობის დადგენის მიზნით, რომელთაგანაც ბავშვებისათვის საჭირო კვების პროდუქტების შეძენა ხდება, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ინფორმაციას უახლოეს მომავალში გამოითხოვს.