თბილისის საკრებულოში ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სხდომა არ შედგა. სხდომაზე, რომელზეც ბიბლიოთეკების რეორგანიზაციის შესახებ უნდა ემსჯელათ, თბილისის მერის მოადგილეს, სოფიო ხუნწარიას ელოდნენ. მერის მოადგილე შეხვედრას არ დაესწრო, რის გამოც სხდომა აღარ გაიმართა.
ფრაქციის წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მერის მოადგილე ვალდებული იყო ფრაქციის სხდომაზე მისულიყო და ოპოზიციის კითხვებზე ეპასუხა.
მისივე თქმით, ფრაქციას აინტერესებს რა იგულისხმება ბიბლიოთეკების რეორგანიზაციაში და რა ტესტებით აპირებს მერია ბიბლიოთეკების თანამშრომლებისთვის გამოცდის ჩატარებას.
ფრაქციის სხდომაზე თბილისის მერის მოადგილის, სოფიო ხუნწარიას არ მისვლას თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა. დედაქალაქის მერმა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ დესტრუქციული და მარგინალური ძალა უწოდა და განაცხადა, რომ მათთან თანამშრომლობას არ აპირებს. როგორც კალაძემ აღნიშნა, ოპოზიციის ნაწილი არასწორ განცხადებებს აკეთებს.
„ჩვენ "ევროპულ საქართველოსთან" ვთანამშრომლობთ იმიტომ, რომ ისინი არიან კონსტრუქციულები. დესტრუქციულ, მარგინალურ ძალასთან არ ვაპირებთ არანაირ თანამშრომლობას. ჩვენ ამასთან დაკავშირებით არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება“ - აღნიშნა კახა კალაძემ.