დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქციების „ნაციონალური მოძრაობა-თბილისის“ და „ერთაინი ნაციონალური მოძრაობის“ გაერთიანებული სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატებმა თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსს გეგი ნიჟარაძეს მოუსმინეს.
ფრაქციის წევრებმა გეგი ნიჟარაძეს მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში მიმდინარე პროცესებთან, კერძოდ, კი აღნიშნული სამსახურის უფროსის მოადგილის დავით მედულაშვილისა და ამავე სამსახურის მთავარი სპეციალისტის, თამაზ ცერცვაძის პასუხისმგებლობის საკითხთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვები.
ფრაქციების წევრების განცხადებით, ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ნათელი მაგალითია იმისა, რომ მერიაში სისტემურ კორუფციას აქვს ადგილი, რის გამოც მათ ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, გეგი ნიჟარაძის პაუსიხმგებლობის საკითხიც დააყენეს.
სხდომაზე ასევე, აუდიო და ვიდეო მასალის ჩვენება გაიმართა, რომლის თანახმადაც, ფრაქციის წევრებმა გეგი ნიჟარაძე მერიის ერთ-ერთი თანამშრომლის ზეწოლაში დაადანაშაულეს.
თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსმა გეგი ნიჟარაძემ დასმულ შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა და აღნიშნა, რომ იგი ვერ გაიზიარებს პასუხისმგებლობას აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, ვინაიდან ის ბრალდებები, რომლებიც მისი მისამართით იქნა გამოთქმული, უსაფუძვლოა და არ შეესაბამება სიმართლეს. მანვე კატეგორიულად გამორიცხა ერთ-ერთ თანამშრომელზე, კახა ბუსკივაძეზე ფიზიკური ზეწოლა და პროცესში საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის მონაწილეობა.
დასასრულს, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა საგამოძიებო უწყებებთან თანამშრომლობის მზაობა გამოხატა და იმედი გამოთქვა, რომ გამოძიება ძალიან მალე დაადგენს სიმართლეს.
სხდომას დეპუტატებისა და მერიის წარმომადგენლების გარდა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი, ნიკანორ მელიაც ესწრებოდა.