დედაქალაქის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა-თბილისის“ თავმჯდომარემ ირაკლი აბესაძემ, თბილისის მერიაში მიმდინარე საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა
,,პირველ რიგში ხაზი გვინდა გავუსვათ, რომ 9 მარტიდან ალექსანდრე მარგიშვილი უკვე მეწარმეობის ხელშემწყობი ცენტრის დირექტორია და ეს მაშინ, როდესაც იგი ჯერ არ წამსდგარა საზოგადოების წინაშე და არ გაუცია შეკითხვებზე პასუხი, არც მის წარსულ საქმიანობასთან და არც სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით.
ასევე, საინტერესოა რევაზ ჩახავას შემთხვევა, რომელიც ადმინისტრაციის უფროსი იყო და მისი გათავისუფლება მისივე პირადი და მერიის განცხადებიდან გამომდინარე, მის ოჯახურ პირობებს დაბრალდა. დაქვეითების შემდეგ იგი უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა და შესაბამისად, გაუგებარია, რატომ მოხდა მისი დანიშვნა სხვა თანამდებობაზე თბილისის მერიაში, თუკი იგი ჯეროვნად ვერ ასრულებდა ადმინისტრაციის უფროსისი მოვალეობას.
ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ინფორმაციით, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ, უკონკურსოდ დაინიშნა ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის ანი მიროტაძის და თეა მიროტაძე, რაც ასევე ამტკიცებს ჩვენს მოსაზრებებს იმის თაობაზე, რომ მერიაში საკადრო გადაწყვეტილებების მიღების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი, მხოლოდ და მხოლოდ ნეპოტიზმია.
სწორედ ეს არის ის შეკითხვები, რაზეც თბილისის მერმა პასუხი უნდა გასცეს საზოგადოებას და მიგვაჩნია, რომ სწორედ ასეთი საკადრო გადაწყვეტილებების მიზეზით ვერ ასრულებს მერია დაკისრებულ მოვალეობებს“-განაცხადა ირაკლი აბესაძემ.