თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ირაკლი აბესაძემ და ირაკლი ნადირაძემ ბრიფინგი გამართეს, რომელზეც მერიის საჯარო მოხელეთა კონკურსში ჩაჭრილი ადამიანების სია წარმოადგინეს. მათი თქმით, ადამიანები, რომლებმაც მინიმალური ზღვარი ვერ გადალახეს, დედაქალაქის მერიაში ამ დრომდე მუშაობენ.
,, თანამდებობებზე რჩებიან ადამიანები, რომლებმაც მინიმალური ზღვარიც ვერ გადალახეს და ტესტირებაზე 60 შესაძლებელი ქულიდან, მხოლოდ 16 ქულის აღება შეძლეს’’,- განაცხადა ირაკლი აბესაძემ და ამ ადამიანების თანამდებობიდან გათავაისუფლება მოითხოვა. მერიიდან პროფესიონალი კადრების გადინებისა და ნეპოტიზმის თაობაზე განცხადება ირაკლი ნადირაძემაც გააკეთა. მან თბილისის მერს დავით ნარმანიას კვალიფიციური კადრების მოზიდვისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ სხვა შემთხვევაში მოსახლეობა უკვე მისი, როგორც მერის პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს.
,,ჩვენ ასევე გვინდა მივმართოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და ე.წ. ,,სუს“-ის წარმომადგენლებს, როგორც დავით ნარმანიას უფროსობას, მიუთითონ მერს, ორიენტაცია პროფესიონალ კადრებზე აიღოს’’,-განაცხადა ნადირაძემ.