2015 წლის ბიუჯეტის პროექტის ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის "ნაციონალური მოძრაობა’’ წევრებმა ბრიფინგი გამართეს.
როგორც თამაზ შოშიაშვილმა აღნიშნა, ქალაქის მერიამ მათ მიერ შეთავაზებული არცერთი შენიშვნა და წინადადება არ გაითვალისწინა, მათ შორის დედაქალაქში საცობების განსამუხტად კონკრეტული სატრანსპორტო კვანძების მოწესრიგება და თბილისის ისტორიულ ნაწილში მძიმე ავარიულ მდგომარეობაში მყოფი შენობების განსაახლებლად ინვესტორების მხარდამჭერი პროგრამების განხორციელება.
თამაზ შოშიაშვილმა საგზაო ინფრასტრუქტურაზე საუბრისას აღნიშნა, რომ 2013 წელთან შედარებით ამ მიმართულებით ბიუჯეტში ჩადებული თანხა შემცირებულია და შესაბამისად, დედაქალაქში საგზაო ინფრასტრუქტურის ბიუჯეტი ეტაპობრივად კლებულობს.
დეპუტატი საცობების თემასაც შეეხო და განაცხადა, რომ პრობლემის მოგვარება მხოლოდ გზების მიმდინარე შეკეთებით შეუძლებელია.
მისივე თქმით, გასულ წლებში აშენებულმა ახალმა გზებმა, გვირაბებმა და ესტაკადებმა ბევრ მონაკვეთზე მოძრაობა განტვირთა და ააჩქარა, თუმცა ზემოაღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტების გაჩერება და ამ მიმართულებით ახალი ნაბიჯების გადაუდგმელობა განხორციელებული წარმატებული პროექტების შედეგებსაც ამცირებს.
თამაზ შოშიაშვილის ინფორმაციით, დედაქალაქის მიერიამ ბიუჯეტში არ გაითვალისწინა ქალაქის საცობებისგან განსატვირთად აუცილებელი პროექტები, მათ შორის მარშალ გელოვნის მოედანზე (ვეფხვი და მოყმესთან) საგზაო მოძრაობის ორ დონეზე მოწყობა (გვირაბით); ვერის ხეობიდან გამომავალი ახალი მაგისტრალის გვირაბით დაკავშირება გმირთა მოედანზე არსებულ, ლაგუნასკენ მიმავალ გვირაბთან, ასევე თამარაშვილის და უნივერსიტეტის ქუჩის გადაკვეთაზე ესტაკადის მოწყობა და სხვა.
"ბიუჯეტიდან ამოღებული იქნა ჩვენს მიერ 2013 წელს 100 ევროპული ტიპის ავტობუსის შეძენის პროექტიც’’,-განაცხადა თამაზ შოშიაშვილმა.
ბრიფინგზე ფრაქციის "ნაციონალური მოძრაობა’’ წევრი თემურ გრიგალაშვილი "პანორამა თბილისის’’ პროექტს შეეხო და აღნიშნა, რომ პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენა მხოლოდ ამ პროექტის ნაწილია და პუშკინის სკვერზე პანდუსის მოწყობა, საცობების პრობლემას ვერ მოაგვარებს.