თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მარიკა დათუკიშვილმა ბრიფინგი ჩაატარა და თბილისის მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციაზე ისაუბრა, რომელიც 22 თებერვალს სრულდება. მისი თქმით, ვინაიდან კახა კალაძე მუდმივად აღნიშნავს, რომ მისი მიზანი თბილისის მერიის პროფესიონალი და კომპეტენტური კადრებით დაკომპლექტებაა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მიმართავს თბილისის მერს, საკონკურსო-საატესტაციო კომისიაში, რომელიც თბილისის მერიაში 22 თებერვლის შემდეგ შეიქმნება, ჩართოს როგორც ოპოზიციის, ასევე ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები.
მარიკა დათუკიშვილი აცხადებს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის ამ კომისიის მუშაობაში ჩაერთოს, რადგან არ აქვს ილუზია, რომ კახა კალაძე პროფესიული ნიშნით შეარჩევს კადრებს. მარიკა დათუკიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ თბილისის მერმა ააიპ „საზოგადოებასთან კომუნიკაციის განვითარების სააგენტო“ და შპს „მწვანე ქალაქი“ შექმნა, სადაც აბსოლუტურად გაუმჭვირვალე იქნება როგორც ადამიანების დასაქმება, ასევე მათი კომპეტენციის განსაზღვრა.