თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წევრმა მარიკა დათუკიშვილმა ბრიფინგი გამართა და კახა კალაძის მიერ თბილისის მერიაში თანამშრომლების ხელშეკრულებით დასაქმების შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, კახა კალაძემ მიმდინარე წლის 20 და 29 ნოემბერს გამოცემული განკარგულებებით თბილისის მერიაში 25 ადამიანი შტატგარეშე მოსამსახურედ დანიშნა. მარიკა დათუკიშვილი აცხადებს, რომ ამ 25 ადამიანის შრომის ანაზღაურების ჯამური თანხა მილიონ ლარს შეადგენს. საკრებულოს წევრი ასევე აღნიშნავს, რომ თბილისის მერმა დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტში 15 მილიონი ლარით გაზარდა ის მუხლი, საიდანაც შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების ხელფასები უნდა გაიცეს, რაც მარიკა დათუკიშვილის განმარტებით იმას ნიშნავს, რომ კახა კალაძე თბილისის მერიაში შტატგარეშე მოსამსახურეთა რიცხოვნობის გაზრდას კიდევ გეგმავს. „ერთანი ნაციონალური მოძრაობა“ მიმართავს არასამთავრობო სექტორს და საქართველოს გენერალურ აუდიტორს, დაინტერესდნენ აღნიშნული ფაქტებით.