თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგი გამართა და საახალწლო ღონისძიებებისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. ლევან ხაბეიშვილის თქმით, ამ ღონისძიებებისთვის თბილისის მერია 2 მილიონ 700 ათას ლარს დახარჯავს, აქედან მილიონ 700 ათასი მომღერლების ჰონორარებს მოხმარდება.
„2 კვირის წინ ჩვენ გავასაჯაროვეთ ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც საახალწლო ღონისძიებებისთვის მხოლოდ სცენის და აპარატურის მომსახურეობა 2 მილიონი ლარი ჯდებოდა. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ეს ინფორმაცია არ დაადასტურა. მისი თქმით, მხოლოდ მილიონ ლარს დახარჯავდა მერია ამ მიმართულებით. ამის შემდეგ, 20 დეკემბერს პრემიერ-მინისტრმა გამოსცა განკარგულებით, რომლის მიხედვითაც საახალწლო ღონისძიებებისთვის ტენდერის გარეშე დამატებით მილიონ 700 ათასი ლარი გამოიყო. თბილისის მერმა კახა კალაძემ, გუშინ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, რომ ეს თანხა დაიხარჯება მომღერლების ჰონორარებისთვის,“- განაცხადა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა.
ლევან ხაბეიშვილმა განკარგულებას არასერიოზული და საბიუჯეტო სახსრების ფლანგვა უწოდა. მან თბილისის მერს კახა კალაძეს მიმართა, უარი თქვას ამ გადაწყვეტილებაზე.