თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგი გამართა და თბილისის მეტროპოლიტენის შესაძლო გასხვისებაზე გააკეთა განცხადება. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თქმით, მისი ინფორმაციით, მეტროპოლიტენში განვითარებული მოვლენების პარალელურად, თბილისის მერი კახა კალაძე და დედაქალაქის მთავრობა მოლაპარაკებას აწარმოებენ მეტროპოლიტენის შესაძლო გასხვისებაზე კომპანიასთან, რომლის წილსაც რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები ფლობენ.
„კონკრეტულად ეს არის კომპანია „ოპორა“, რომელიც დარეგისტრირებულია რუსეთში, ქალაქ ტვერში. მეტროპოლიტენს 100%-ით მართავს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“, რომელიც დაფუძნებულია დედაქალაქის მერის მიერ. ჩვენი ინფორმაციით, მეტრო სამართავად შეიძლება გადაეცეს კომპანია „ელექტროვაგონ შემკეთებელი ქარხანას,“ რომლის 50%-ს ასევე ფლობს სატრანსპორტი კომპანია, თუმცა ამ კომპანიაში აქციების 25%-ი ეკუთვნის რუსულ „ოპორას“. თუ ამ კომპანიას გადაეცემა სამართავად თბილისის მეტროპოლიტენი, რუსეთს ექნება შესაძლებლობა სტრატეგიული ობიექტის მართვაში ჩაერთოს, რაც სახიფათოა,“- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
მან დედაქალაქის მერს და „ქართულ ოცნებას“ მოუწოდა, ეს ინფორმაცია სასწრაფოდ უარყონ. ლევან ხაბეიშვილის თქმით, საკრებულოს ოპოზიცია ამ გადაწყვეტილების მიღების წინააღმდეგ ბრძოლას გააგრძელებს.