თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგი გამართა და თბილისის მერიის მიერ საახალწლო ღონისძიებებისთვის განსაზღვრულ თანხებზე ისაუბრა.
საკრებულოს წევრის თქმით, თბილისის მერმა კახა კალაძემ მიმდინარე წლის 6 დეკემბერს გამოსცა განკარგულება, რომლითაც მან ორი მლნ შვიდასი ათასი ლარი უტენდეროდ გამოყო საახალწლო ღონისძიებებისთვის. ლევან ხაბეიშვილი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ამ თანხიდან 566 ათასი ლარი საახალწლო ღონისძიებების რეკლამირებისთვის არის განკუთვნილი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მიმართავს საქართველოს გენერალურ აუდიტორს მოთხოვნით, შეისწავლოს თბილისის მერის განკარგულება და აღნიშნული თანხების მიზნობრიობა.